შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, კანადისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის შემდეგ, გერმანიაც მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, რუსეთის მოსალოდნელი შეჭრის შიშის ფონზე, დატოვონ უკრაინა.
12 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ახლა გერმანიის მოქალაქეებმა უნდა აწონდაწონონ, არის თუ არა გადაუდებელი აუცილებლობა მათი უკრაინაში ყოფნა.
სამინისტროს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ქალაქ დნეპრში გერმანიის გენერალური საკონსულო მუშაობას აჩერებს. გერმანული სააგენტო DPA-ს ცნობით, გენერალური საკონსულოს პერსონალი ლვოვში გადაინაცვლებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სულ მცირე, 18-მა ქვეყანამ მოუწოდა თავის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ უკრაინაში მოგზაურობისგან ან დატოვონ მისი ტერიტორია რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის საფრთხის გამო.
თავიან მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდეს შეერთებულმა შტატებმა, ავსტრალიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ბელგიამ, საბერძნეთმა, ისრაელმა, კანადამ, ლატვიამ, ნიდერლანდებმა, ახალმა ზელანდიამ, ნორვეგიამ, ჩრდილოეთ მაკედონიამ, ფინეთმა, მონტენეგრომ, ესტონეთმა, იაპონიამ და სამხრეთ კორეამ.
უმეტეს შემთხვევაში ეს მოწოდებები დაჟინებული, მაგრამ სარეკომენდაციო ხასიათისაა, განსხვავებით სამხრეთ კორეის განცხადებისა, რომელმაც დააწესა მოგზაურობის აკრძალვა უკრაინაში და თავის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება უბრძანა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების შესახებ გააფრთხილა.
შეგახსენებთ, გუშინ დასავლურ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებს დაზვერვის ახალი მონაცემები გაუზიარა, რომლის თანახმადაც რუსეთმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო. ამ ფონზე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.