უკრაინის ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს ქვეყანაში სტაბილურობისთვის და მზადა ყველა სცენარისთვის, მაგრამ ახლა უკიდურესად მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება, ერთიანობა და ყველა ისეთი ქმედებისგან თავშეკავება, რომელიც ძირს უთხრის სტაბილურობას და თესავს პანიკას. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უკრაინის საგარეო უწყების ამ განცხადების ფონია მზარდი შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი მზად არის, ნებისმიერ დროს შეიჭრას უკრაინაში.
"უკრაინის შეიარაღებული ძალები მუდმივად აკვირდებიან მოვლენების განვითარებას და მზად არიან, აღკვეთონ ნებისმიერი თავდასხმა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე. უკრიანის დიპლომატიური უწყება კავშირშია ყველა მთავარ პარტნიორთან, ოპერატიულად იღებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რაც დროულად მოქმედების საშუალებას მოგვცემს. ვაგრძელებთ მუშაობას დაძაბულობის შესამცირებლად და საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებისთვის, რათა რუსეთი დიპლომატიური მოლაპარაკებების ფარგლებს არ გასცდეს", - ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ რუსეთის მხრიდან ვითარების ესკალაციის დასაწყისიდანვე, უკრაინის ხელმძღვანელობა, უკრაინული დიპლომატია და არმია ძალისხმევას არ იშურებენ, რათა ქვეყანა დარჩეს მტკიცე და მზად იყოს მოვლენების სხვადასხვა სცენარის განვითარებისა და ნებისმიერი აგრესიული განზრახვის განხორციელების შემთხვევაში.
"11 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თავმჯდომარეობით, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარებისა და უკრაინის შემდგომი ქმედებების საფუძვლიანი ანალიზი მოახდინა", - აღნიშნულია განცხადებაში.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ყოვლისმომცველი შეკავების პაკეტი, რომელიც პარტნიორებს უკრაინამ 2021 წლის ნოემბერში შესთავაზა, გახდა ეფექტური ინსტრუმენტი კრემლის აგრესიული პოლიტიკის საწინააღმდეგოდ.
"ყველა დონეზე კოორდინირებული დიპლომატიური კონტაქტებით, აშშ-სა და ევროკავშირის მიერ მკაცრი სანქციების პაკეტის მომზადების დასრულებით, იარაღის მიწოდებით და მაკროფინანსური დახმარებით ახლა ჩვენს სახელმწიფოს აქვს ძლიერი პოზიცია", - ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ დასავლურ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებს დაზვერვის ახალი მონაცემები გაუზიარა, რომლის თანახმადაც რუსეთმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო.