შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, 12 თებერვალს სატელეფონო საუბარს გამართავს თავის რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან. ამის შესახებ ბლინკენმა ფიჯიში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"თუ რუსეთი ნამდვილად არის დაინტერესებული შექმნილი კრიზისის დიპლომატიური და დიალოგის გზით მოგვარებით, ჩვენ მზად ვართ ამისთვის", - თქვა ბლინკენმა.
მან კიდევ ერთხელ გააფრთხილა რუსეთი, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მიერ მომზადებული მკაცრი სანქციების წინაშე აღმოჩნდება.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 12 თებერვალს ასევე დაიგეგმა ჯო ბაიდენისა და პუტინის სატელეფონო საუბარი. დღესვე პუტინთან საუბარს გეგმავს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
შეგახსენებთ, გუშინ პრეზიდენტმა ბაიდენმა ვიდეოშეხვედრა გამართა ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებთან.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენთან შეხვედრას ესწრებოდნენ ნატო-ს გენერალური მდივანი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, კანადის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის პრემიერ-მინისტრები, საფრანგეთი, პოლონეთის და რუმინეთის პრეზიდენტები და გერმანიის კანცლერი.
მედია ვარაუდობს, რომ ბაიდენმა მოკავშირეებს დაზვერისგან მიღებული ახალი ცნობები გაუზიარა, რომლის თანახმადაც პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება უკვე მიიღო.