უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო მზარდი შეშფოთების ფონზე, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა პოლონეთში დამატებით 3 000 სამხედროს გაგზავნა ბრძანა. იტყობინება ტელეარხი CNN-ი თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.
მედიის ცნობით, სამხედროები პოლონეთში უახლოეს დღეებში გაემგზავრებიან და შეუერთდებიან იქ განლაგებულ 1 700 სამხედროს.
"ამერიკელი სამხედროების ეს რაოდენობა სიმშვიდეს მოუტანს ჩვენს ნატოელ მოკავშირეებს და შეაკავებს ნებისმიერ პოტენციურ აგრესიას ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე. სამხედროები გაივლიან წვრთნებს მასპინძელი ქვეყნის ძალებთან და ხელს შეუწყობენ არასასურველი შემთხვევების ფართო სპექტრის თავიდან არიდებას", - განაცხადა CNN-თან თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელნა.
მანამდე CNN იტყობინებოდა, რომ თეთრმა სახლმა დაამტკიცა სამოქმედო გეგმა პოლონეთში მყოფი სამხედროებისთვის, რათა დახმარება აღმოუჩინონ ამერიკელებს, რომლებიც ეცდებიან უკრაინის დატოვებას. ჯარისკაცები დაიწყებენ ტერიტორიის მომზადებას და დროებითი თავშესაფრების მოწყობას.