ინდოეთის თავდაცვის ძალების შტაბის მეთაური, 4-ვარსკვლავიანი გენერალი ბიპინ რავათი ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად დაიღუპა.
ავაიკატასტროფას გენერალთან ერთად მისი მეუღლე და კიდევ 11 ადამიანი ემსხვერპლა. ვერტმფრენი ინდოეთის სამხრეთით, ტამილ ნადუს შტატში, ქალაქ კუნორის მახლობლად ჩამოვარდა.
კატასტროფას მხოლოდ ერთი ადამიანი გადაურჩა, რომელიც დაზიანებებით კლინიკაში მკურნალობს.
63 წლის გენერალი რავათი ინდოეთის თავდაცვის შტაბს 2019 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობდა. სწორედ მაშინ შემოიღეს ინდოეთში ეს თანამდებობა.
ინდოეთის თავდაცვის შტაბი აერთიანებს არმიას, საზღვაო ფლოტსა და საჰაერო ძალებს. მისი მეთაური რავათი იყო პასუხისმგებელი მთელ რიგ ოპერაციებზე, მათ შორის ინდოეთის მიერ მართულ ქაშმირში.
კატასტროფასთან დაკავშირებით, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა მინისტრთა კაბინეტის უსაფრთხოების კომიტეტის საგანგებო სხდომა მოიწვია.
მანამდე, საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ დაიწყო უბედური შემთხვევის გამოძიება.

რა არის ცნობილი ამ დროისთვის
რუსული წარმოების ვერტმფრენი Mi-17, რომელშიც გენერალი, მისი მეუღლე და რამდენიმე მაღალი რანგის მოხელე იმყოფებოდნენ, ინდოეთის ქალაქ სულურში მდებარე ბაზიდან აფრინდა. ისინი ინდოეთის ქალაქ ველინგტონში მიემგზავრებოდნენ.
გენერალ რავათისთან და მის მეუღლესთან ერთად ბორტზე იმყოფებოდა კიდევ შვიდი სამხედრო პირი და ეკიპაჟის ხუთი წევრი, მათ შორის პილოტი.
სამაშველო სამუშაოები შეფერხდა ავარიის ადგილის მთიანი მდებარეობის გამო, რომელიც სქელია მცენარეული საფარით.
ვარაუდობენ, რომ კატასტროფა მოხდა ნისლისა და ცუდი ხილვადობის პირობებში.