ევროპა საქართველოს უსაფრთხოების საკითხს აგვისტოს ომის შემდეგ უფრო ფრთხილად ეკიდება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მიხეილ მაჭავარიანმა ევროკომისიის პრეზიდენტის ჟოზე მანუელ ბაროზუს განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
"პრინციპული და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს კიდევ უფრო მეტად დაცული. სამწუხარო ფაქტი, რომელიც აგვისტოში მოხდა, არ უნდა განმეორდეს და ამიტომ ევროპა დღეს უფრო ფრთხილად ეკიდება ისეთ საკითხებს, როგორიცაა საქართველოს უსაფრთხოება. რაც შეეხება ტერმინ ოკუპაციას, თავიდან ევროპელი ლიდერი ძალიან ფრთხილი იყო ამ სიტყვის მიმართ, მაგრამ Hჰილარი კლინტონის განცხადების შემდეგ ფაქტიურად გაიხსნა და დღეს ეს ტერმინი დაფიქსირდა ძალიან ბევრ დოკუმენტში", - აღნიშნა მაჭავარიანმა.
მისივე შეფასებით, ტერმინ ოკუპაციის გამოყენება ბაროზუს განცხადებაში ნიშნავს, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანა სწორედ ასე ფიქრობს.
"ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველომ ამ მიმართულებით მიაღწიოს გარღვევას. ოკუპაციას ყოველთვის მოჰყვება დეოკუპაცია. რუსეთმა შეექმნა ისეთი გარემო, რომ ეს იქნება რთული გზა, მაგრამ ჩვენი პრინციპული მიდგომით კრემლი ვერც ერთ ქვეყნისგან ვერ იყიდის ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო აღიარებას", - აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ ბრიუსელში მიხეილ სააკშვილთან შეხვედრის შემდეგ განცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს ოკუპაციას არასდროს შეეგუება.
"საქართველოს ოფიციალურად მოვუწოდებ განაცხადი გააკეთოს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს უსაფრთხოებას, სტაბილურობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებთ გააკეთოს იგივე", - განაცხადა ბაროზუმ.