შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია სწავლობს უკრაინიდან აშშ-ის მოქალაქეების პოტენციური ევაკუაციის ვარიანტებს, თუ რუსეთი შეიჭრება ქვეყანაში და შეიქმნება უსაფრთხოების მძიმე ვითარება. იუწყება ტელეარხი CNN სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით.
წყაროთა ცნობით, საგანგებო სიტუაციების დაგეგმვის პროცესს პენტაგონი ხელმძღვანელობს.
აშშ-ის ოფიციალურ პირთა განცხადებით, ჯერ კიდევ გაურკვეველია მიიღო თუ არა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაშ შეჭრის გადაწყვეტილება, თუმცა საზღვრის სიახლოვეს მან დააგროვა საკმარისი ძალები, აღჭურვილობა და მარაგები, რათა შეტევაზე გადასვლა უმოკლეს დროში შეძლოს.
წყაროები აღნიშნავენ, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია ამჟამად ევაკუაციის საჭიროებას არ ხედავს, რადაგან ავიარეისები უკრაინის საერთაშორისო აეროპორტებიდან შეუფერხებლად ხორციელდება და სახმელეთო საზღვრები უკრაინის დასავლელ მეზობლებთან ღიაა.
მათივე ცნობით, საევაკუაციო გეგმა იმ შემთხვევისთვისაა, თუ უკრაინაში უსაფრთხოების ვითარება მკვეთრად გაუარესდება.
CNN-ის ინფორმაციას პენტაგონი გამოეხმაურა.
"თავდაცვის დეპარტამენტი არის დაგეგმარების ორგანიზაცია და მზად უნდა იყოს ყოველგვარი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის მთელს მსოფლიოში. ჩვენ ბევრს ვფიქრობთ უამრავ სცენარზე. მაგრამ უკრაინაში სამოქალაქო ევაკუაციის მოთხოვნის სიგნალი არ არსებობს და არასწორია მტკიცება, რომ პენტაგონში აქტიური ძალისხმევა მიმდინარეობს ამისთვის მოსამზადებლად", - თქვა პენტაგონის პრესმდივანმა ჯონ კირბიმ განცხადებაში.
მიუხედავად პენტაგონის უარყოფისა, CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ განიხილება ევაკუაციის სხვადასხვა ვარიანტი, რომელიც მოიცავს როგორც უკრაინიდან ამერიკის სამთავრობო უწყებების თანამშრომელთა, დიპლომატების მცირე რაოდენობის გამოყვანას, ასევე ამერიკის მოქალაქეთა მასობრივ ევაკუაციას.
ტელეარხი აღნიშნავს, რომ ევაკუაციის საჭიროებაზე საბოლოო გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი უწყება სახელმწიფო დეპარტამენტია.