„ამდენი შემთხვევა პანდემიის დაწყებიდან დღემდე არ გვქონია" - სამხრეთ აფრიკაში კოვიდინფიცირებულების რაოდენობა 5-ჯერ გაიზარდა
სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის „მეოთხე ტალღაა“.
„ჩვენ გვაქვს იმდენი შემთხვევა, რამდენიც პანდემიის დაწყებიდან დღემდე არ გვქონია. პროვინციების უმეტესობაში „ომიკრონი“ ლიდერობს. გასული კვირის განმავლობაში, დღიური შემთხვევები 5-ჯერ გაიზარდა. კოვიდტესტების მეოთხედი კი დადებითია", - განაცხადა სირილ რამაფოსამ.
მანვე ხაზი გაუსვა, რომ მეტი პაციენტის მისაღებად ხელისუფლება საავადმყოფოებს ამზადებს.
„ომიკრონი“ სამხრეთ აფრიკაში პირველად ნოემბერში დაფიქსირდა და, ავიამიმოსვლის შეზღუდვის მიუხედავად, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სწრაფად გავრცელდა.