დღეს, 16 ნოემბერს, თელავში ტურისტული კომპლექსის მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი, რომელსაც კახეთის გუბერნატორი, გიორგი ღვინიაშვილი დაესწრება.
ტურისტულ კომპლექსში 25 თანამედროვე ტიპის კოტეჯისა და ვიპკოტეჯის მშენებლობაა გათვალისწინებული.
პროექტი ითვალისწინებს რესტორნის, ავტოსადგომის, აუზისა და ესტრადის მშენებლობას. დამსვენებლებისათვის სპეციალურად მოეწყობა გადასახედები და ფანჩატური, საიდანაც თელავის ხედების დათვალიერება იქნება შესაძლებელი.
ტურისტებისა და დაინტერესებული პირებისათვის მოეწყობა ორდღიანი საცხენოსნო ტურები ცივის მთაზე, სადაც დამსვენებელი ღამის გათევასა და ქართული კერძების დაგემოვნებას შეძლებს.
კომპლექსი ათ ჰექტარზე იქნება განთავსებული. ობიექტი ას დამსვენებელზეა გათვლილი. პროექტის ღირებულება მილიონი ლარია. ტურისტული კომპლექსის მშენებლობაზე 60 ადგილობრივი დასაქმდება.