რუსეთში "კომერსანტის" ჟურნალისტ ოლეგ კაშინის ცემის ფაქტზე საპროტესტო აქციები გრძელდება. ორი დღის წინ ნაცემ ჟურნალისტს სოლიდარობა პუშკინის მოედანზე შეკრებილმა სამასამდე ადამიანმა გამოუცხადა. მოსკოვი მერიამ აქციის ორგანიზატორებს სანქცირებულ მიტინგზე ორასამდე დემონსტრანტის გამოყვანის უფლება მისცა. თუმცა მომიტინგეთა რაოდენობამ დაშვებულ ლიმიტს გადააჭარბა.
ამის მიუხედავად აქცია მშვიდობიანად დასრულდა. მილიციას დემონსტრანტებისათვის ხელი არ შეუშლია. "ძირს ძალადობა!" "დასაჯეთ მოძალადეები!" ამ ლოზუნგებით აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტის ცემის ფაქტის სასწრაფო გამოძიება მოითხოვეს.
ოლეგ კაშინის ცემის ფაქტს ბრიუსელიც ეხმაურება. ამის შესახებ საგანგებო განცხადება ევროპარლამენტის პრეზიდენტმაც გააკეთა. იჟი ბუზეკმა რუსეთში ჟურნალისტთა ცემის გახშირებული ფაქტების გამო შეშფოთება გამოთქვა და ოფიციალურ მოსკოვს ინციდენტების სასწრაფო გამოძიებისკენ მოუწოდა.
ბუზეკმა კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ პრეზიდენტმა მედვედევმა კაშინის ცემასთან დაკავშირებით სწრაფი რეაგირება მოახდინა და სათანადო სტრუქტურებს დამნაშავეთა გამოსავლენად ეფექტური ქმედებების გატარება დაავალა. ევროპარლამენტის პრეზიდენტი დადებით შეფასებას აძლებს იმ ფაქტსაც, რომ 1 ოქტომბრის აქციამ მოსკოვში მშვიდობიანად ჩაიარა.