"100 დოლარიან პენსიაზე მთავრობას უარი არ უთქვამს", ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას განაცხადა.
კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, მთავრობა პენსიის 100 დოლარამდე გაზრდას გეგმავდა, თუმცა ამას ხელი ეკონომიკურმა კრიზისმა შეუშალა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე პენსიის ზრდასთან დაკავშირებით პრეტენზიები ჰქონდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს გურამ ჩახვაძეს.
"პენსია არ იზრდება და მთავრობის მიერ არ ხდება ინფლაციის დონის გათვალისწინებაც, რაც, ფაქტობრივად, "ჭამს" ამ პენსიას და პენსიონერი ამ თანხით ვერაფრის შეძენას ვერ ახერხებს", - განაცხადა გურამ ჩახვაძემ.
როგორც ცნობილია 2011 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება ე.წ. "საპენსიო პაკეტი", რომლის პრეზენტაციასაც და უშუალოდ ჯანდაცვის ბიუჯეტის პრეზენტაციას პარლამენტის სასესიო სხდომაზე ფინანსთა მინისტრთან ერთად ჯანდაცვის მინისტრიც გააკეთებს.
როგორც დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა, კარგი იქნება, თუ სასესიო დებატებზე ფინანსთა მინისტრთან ერთად საკუთარი ბიუჯეტის და პრიორიტეტების პრეზენტაციას თავად ჯანდაცვის მინისტრი სანდრო ურუშაძეც გააკეთებს.