ამრიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) იმუნიტეტდაქვეითებული მოქალაქეებისთვის, ვაქცინის მესამე დოზის გამოყენების ნებართვა გასცა.
ვაქცინის მესამე ე.წ. ბუსტერ დოზებზე იმსჯელებენ ასევე დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ვაქცინების დღევანდელ პანელზე. საბოლოო სიტყვა სწორედ CDC-ს ეკუთვნის, დაინერგება თუ არა მესამე დოზის გამოყენება.
FDA-ს ახალი პროტოკოლი გავრცელდება დაახლოებით 10 მილიონ ამერიკელზე, მათ შორის, ონკოლოგიურ პაციენტებსა და ადამიანის ორგანოთა რეციპიენტებზე.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც შეერთებული შტატების ჯანდაცვის უწყება ოფიციალურად აღიარებს ვაქცინის მესამე დოზის აუცილებლობას ვირუსის გავრცელების უკეთ აღსაკვეთად.
ექსპერტები ამბობენ, რომ ფაიზერისა და მოდერნას ვაქცინის ორი დოზა, ასევე ჯონსონის ვაქცინის ერთი დოზა შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს ადამინის ვირუსისგან დასაცავად, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც დასუსტებული აქვს იმუნური სისტემა.
ვაქცინის მესამე დოზებთან დაკავშირებით, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმაც ისაუბრა. მისი თქმით, ამ დროისთვის, ე.წ. ბუსტერი რეკომენდებულია, მხოლოდ იმუნიტეტდაქვეითებული მოქალაქეებისთვის.
ცოტა ხნით ადრე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მოუწოდა ქვეყნებს, რომ ვაქცინის მესამე ე.წ. ბუსტერულ დოზებზე სექტემბრის ბოლომდე მორატორიუმი გამოცხადდეს, რათა ვაქცინის მიწოდება შესაძლებელი იყოს ისეთი ქვეყნებისთვის, სადაც იმუნიზაციის დაბალი მაჩვენებელია.
ისრაელმა უკვე დაიწყო ვაქცინის მესამე დოზები 60 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის.
დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანიაც გეგმავდნენ ე.წ. ბუსტერ დოზების ადმინისტრირებას, თუმცა უცნობია ჯანმო-ს მოწოდების შემდეგ, როგორი იქნება მათი გადაწყვეტილება.