ირანში რუსეთისა და ბრიტანეთის ელჩების ფოტომ ირანის პოლიტიკური მმართველობისა და მოსახლეობის ნაწილის განრისხება გამოიწვია.
ირანში რუსეთის საელჩომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა რუსი დიპლომატის ლევან ჯაგარიანისა და ბრიტანეთის ელჩის საიმონ შერკლიფის ფოტო, სადაც ისინი სხედან დაახლოებით იმგვარად, როგორც 1943 წლის თეირანის კონფერენციის დროს გადაღებულ ცნობილ ფოტოზე სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი.
როგორც იუწყებიან, რუსეთისა და ბრიტანეთის ელჩები ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც მათ მიმავალი საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი და მომავალი მინისტრი ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი დახვდნენ. ირანელმა დიპლომატებმა მკაცრი პროტესტი გამოხატეს ფოტოს გამო.
მოჰამედ ჯავად ზარიფმა ფოტოს "უკიდურესად შეუსაბამო" უწოდა, ხოლო ამირაბდოლაჰიანმა ფოტოს გადაღება შეფასა როგორც არადიპლომატიური ქმედება, რომელმაც "ირანის ეროვნული საიამყე შებღალა".
თავის მხრივ, რუსეთისა და ბრიტანეთის ელჩებმა განაცხადეს, რომ მათ არ ჰქონდათ ბოროტი განზრახვა და ფოტო ირანელთა უპატივცემლობის დემონსტრირებისთვის არ ყოფილა გამიზნული.
ირანი მიიჩნევს, რომ თეირანის კონფერენცია ირანის სუვერენიტეტის დარღვევა იყო და იგი აშშ-ის, საბჭოთა კავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ ირანის წინააღმდეგ ჩადენილი ისტორიული დანაშაულის სიმბოლოა.
რუსეთის ელჩი (მარცხნივ) და ბრიტანეთის ელჩი თეირანში