რუსმა მილიონერმა პოლიტიკოსმა, კამჩატკის მხარის საკანონმდებლო ასამბლეის დეპუტატმა, იგორ რედკინმა აღიარა, რომ მოკლა ახალგაზრდა კაცი, რომელიც დათვი ეგონა.
55 წლის პოლიტიკოსის მონათხრობის თანახმად, მან შეიტყო, რომ კამჩატკაში, სოფელ ოზერნოვსკის ნაგავსაყრელის სიახლოვეს დათვი დახეტიალობდა, რომელსაც მოსახლეობისთვის ზიანის მიყენება შეეძლო.
რედკინის განცხადებით, მან გადაწყვიტა, ცხოველი შეეშინებინა და იარაღით გაემართა ნაგავსაყრელისკენ. როგორც რედკინი ყვება, მან დათვი შენიშნა და ესროლა, მოგვიანებით კი შეიტყო, რომ დაახლოებით იმავე დროს, იმავე ადგილას ადგილობრივი მკვიდრა დაიჭრა.
როგორც აღმოჩნდა, დათვისთვის განკუთვნილი ტყვია 30 წლის მამაკაცს მოხვდა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
სისხლის სამართლის საქმე გასულ კვირას აღიძრა.
იგორ რედკინი კამჩატკის ნახევარკუნძულზე რამდენიმე მსხვილი ბიზნესის თანამფლობელია და რუსული მედიის ცნობით, ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი საჯარო მოხელეა.
რედკინი აცხადებს, რომ მზად არის, მიიღოს ნებისმიერი სასჯელი, რომელსაც სასამართლო განუსაზღვრავს.
აღიარების კვალდაკვალ, რედკინმა შეიჩერა პარტია "ედინაია რასიას" წევრობა.
რუსული მედიის ცნობით, პოლიტიკოსი გამოძიების განმავლობაში ორ თვეს შინაპატიმრობაში გაატარებს.