საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე საუბრობს და ქვეყანაში ყოველწიურად ტურისტების 30-35 %-ით ზრდას მოელის.
"ჩვენ გვაქვს წარმოუდგენელი ტურისტული პოტენციალი. ხშირად მსმენია, რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ - დააკვირდით რამხელა ქვეყანაა რუსეთი, მაგრამ ერთი ადგილი მითხარით, რომელიც ახლოს მოვა საქართველოს ტურისტულ პოტენციალთან. ერთადერთი ადგილი, რომელიც ჰგავს კურორტს, არის სოჭი, რომელიც ბევრად ჩამოუვარდება აჭარას", - აცხადებს სააკაშვილი.
პრეზიდენტი აცხადებს, რომ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოს მიწის პოლიტიკური ფასი საკმაოდ მაღალია.
"რუსეთმა ყოველთვის იცოდა ჩვენი მიწის ფასი და ძალიან არ უნდოდა, სხვებსაც გაეგოთ. ახლა არის ისტორიული ეტაპი, როცა სხვებიც იგებენ ამას და ხდება ჩვენი ტურისტული პოტენციალის სულ სხვა გააზრება.
საბჭოთა კავშირის დროს ითვლებოდა, რომ ჩვენი ტურისტული პოტენციალის 70 % არის აფხაზეთი და ამიტომაც ყველაზე მეტად აფხაზეთზე წაუცდა რუსეთს ხელი, მაგრამ დღეს მესტიას აქვს მეტი პოტენციალი, ვიდრე მთელ აფხაზეთს ერთად აღებული, რადგან იქ არის მაღალი კლასის სათხილამურო ტრასები. ანაკლიიის პოტენციალი არის ბიჭვინთაზე არანაკლები. ამიტომ ყოველწლიურად ტურისტების 30-35 %-ით გაზრდას ვვარაუდობთ", - აცხადებს სააკაშვილი.