ამერიკული ფარმაცევტული კომპანია "ფაიზერი" ვაქცინის მესამე დოზის ავტორიზაციის მოთხოვნით ამერიკის შეერთებული შტატების მარეგულირებელ ორგანოებს - სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას (FDA) და დაავადებათა კონტროლის ცენტრს (CDC) მიმართავს.
მესამე დოზის ავტორიზაციის საჭიროებას ფარმაცევტული კომპანია ხსნის იმით, რომ აცრიდან ექვს თვეში იზრდება რეინფიცირების რისკი. გარდა ამისა, საშიშროებას ქმნის ვირუსის "დელტა" შტამის გავრცელების მკვეთრი ტემპები.
"ფაიზერის" განცხადებით, მესამე დოზას შეუძლია ადამიანის ორგანიზმში 5-ჯერ, ან 10-ჯერ მეტი ანტისხეულები გამოიმუშავოს.
კომპანიის მტკიცებით, ვაქცინა დელტა ვირუსის წინააღმდეგ ეფექტურია, თუმცა აცრიდან ექვს თვეში მაინც არსებობს რეინფიცირების რისკი, რადგან ანტისხეულების რაოდენობა იკლებს.
"ფაიზერის" სამეცნიერო ხელმძღვანელმა, მაიკლ დოლსტენმა განაცხადა, რომ ისრაელსა და ბრიტანეთი ჩატარებული კვლევების თანახმად, მიუხედავად ანტისხეულების შემცირებისა, ვაქცინა დაავადების მძიმედ განვითარების წინააღმდეგ 95%-ით ეფექტურია.
ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ამერიკელებს, რომლებიც ორჯერ აიცრნენ, ვაქცინის მესამე დოზა ამ ეტაპზე არ სჭირდებათ.
მარეგულირებლები დასძენენ, რომ მზად არიან, განიხილონ დამატებითი დოზის ავტორიზაციის საკითხი, თუ ამის მეცნიერულად დასაბუთებული საჭიროება დადგება.