"ოპონენტებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რამდენად ფიქრობენ მომავალზე, იმაზე, რა გვაერთიანებს და ასევე იმაზეც, რომ ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მხოლოდ რუსეთს აწყობს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ საკითხს უნდა დაუფიქრდნენ და საკუთარ თავში უნდა მოძებნონ ის რესურსი, რომელიც საჭიროა დიალოგისთვის.
"მნიშვნელოვანია არა დიალოგი და მოლაპარაკება, არამედ შეთანხმება. ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება აქეთკენ იყო მიმართული, როცა საუბრობდა, რომ დიალოგი უნდა იყოს გულწრფელი. ეს იმას ნიშნავს, რომ მოწოდებული უნდა ვიყოთ შეთანხმებისთვის და არა დაბულინგებისთვის. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ გუშინდელი მდგომარეობით პროცესები დაუბრუნდა კანონის კალაპოტსა და ჩარჩოს, ამას აქვს მნიშვნელობა - თუ იქნება ქაოსი და უკანონობა, ამ შემთხვევაში, რთულია იყოს რაიმე შეთანხმება. საბაზისო საკითხებზე უნდა იყოს კონსენსუსი და საბაზისო საკითხია, რომ კანონი იყოს აღსრულებული", - განაცხადა პაპუაშვილმა.