უგანდის ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მე-6 ვადით გაიმარჯვა, მოქმედმა პრეზიდენტმა, 76 წლის იოვერი მუსევენმა.
საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, მუსევენმა ხმების 59% მოიპოვა, ხოლო მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ, ოპოზიციონერმა ბობი ვაინმა 35%.
იოვერი მუსევენის გამარჯვების გამოცხადების ფონია მზარდი ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ მან თავის მთავარ კონკურენტს, 38 წლის ბობი ვაინს ხმები მოსტაცა.
ყოფილი პოპვარსკვლავი ბობი ვაინი პირობას დებს, რომ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებს წარადგენს. საარჩევნო კომისია მკაცრად უარყოფს ყოველგვარ გაყალბებას.
ბობი ვაინი პოპვარსკვლავის სასცენო სახელია, სინამდვილეში მას რობერტ კიაგულანი ჰქვია.
არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, პრეზიდენტმა იოვერი მუსევენმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტთან წვდომა შეზღუდა, რაც ფართო კრიტიკის საგანი გახდა
სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან.
მათი განცხადებით, ინტერნეტის შეზღუდვამ შეარყია არჩევნების მიმართ ამომრჩეველთა ნდობა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პრეზიდენტ მუსევერის ძალადობასა და შევიწორებაში ადანაშაულებენ. წინასაარჩევნო პერიოდში ათობით ადამიანი გახდა ძალადობის მსხვერპლი.
მუსევენი, რომელიც 1986 წლიდან განაგებს უგანდას, აცხადებს, რომ სწორედ ის წარმოადგენს ქვეყანაში სტაბილურობის გარანტს.
უგანდაში 18 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული, აქედან 57%-მა მონაწილეობა მიიღო არჩევნებში.
საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრიდა 11 კანდიდატი, მათ შორის 1 ქალი, ნენსი კალემბე.
იოვერი მუსვენი ხელისუფლებაში შეიარაღებული აჯანყების შედეგად მოვიდა. ის პარტია ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერია. დიდი ხნის განმავლობაში, მას მიიჩნევდნენ როგორც გამათავისუფლებელ ლიდერს, რომელმაც ქვეყანაში მშვიდობა დაამყარა.
დროთა განმავლობაში, იოვერი მუსევენმა, თავისი პიროვნების კულტის წახალისებით, სახელისუფლებო უწყებებზე სრული კონტროლი დაამყარა, მათ შორის საზოგადოებრვი მაუწყებელსა და საარჩევნო ადმინისტრაციაზე.