პოლიტიკური პარტია "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ ნინო ბურჯანაძის განცხადებით, წარმომადგენლობით სახალხო კრების გაფართოებული რეგიონალური სხდომის გაშუქებასთან დაკავშირებით, ტელეკომპანია "რიონზე", ხელისუფლების მხრიდან უპრეცედენტო ზეწოლის ფაქტი განხორციელდა. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინზე ისაუბრა.
მისი თქმით, ტელეკომპანია "რიონს" რომ არ გაეშუქებინა ქუთაისში ჩატარებული წარმომადგენლობითი სახალხო კრების სხდომა, ხელისფულებამ მათზე სერიოზული ზეწოლა მოახდინა.
"მე მესმის, რომ იმდენად შეშინებულია ხელისუფლება, რომ სოდის, კუდის და საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირებიც კი იყვნენ კრებაზე დაკვირვებისთვის. ის, რაც მოხდა "რიონთან" დაკავშირებით, არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება. ტელეკომპანია "რიონის" ხელმძღვანელობა და მეპატრონეები აბსოლუტურად დატერორებულები იყვნენ მას შემდეგ, რაც განაცხადეს თანხმობა ჯერ 7 - ის ნახევარზე, შემდეგ კი 9 - ის ნახევარზე, 15 წუთით დაეთმოთ ჩვენთვის ეთერი. მაგრამ იმ მოტივით, რომ ამას ნახავდა მთელი საქართველო, გაიგებდა სიმართლეს ქვეყანაში რა ხდება, კატეგორიულად, ზეწოლით აუკრძალეს რეგიონალური ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას სახალხო კრების გაშუქება." - განაცხადა ბურჯანაძემ.
ბურჯანაძემ განმარტა, რომ ის არ ამართლებს "რიონის" ხელმღვანელობას. მისი თქმით, მათ მოქალაქეობრივი ვაჟკაცობა არ გამოიჩინეს.
"მივმართავ დიპლომატიურ კორპუსს, ყველა ოპოზიციურ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და სრულიად საქართველოს, რომ საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ტერრორს მედიაზე, რათა მოქალაქეებმა სიმართლე არ გაიგონ და ყავდეთ შიშში. ჩვენ გავარღვევთ ხელისუფლების მიერ შექმნილ ინფორმაციის ვაცუუმს", - აღნიშნავს "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ქუთაისში, წარმომადგენლობითი სახალხო კრების მხარდამჭერთა მესამე რეგიონალური გაფართოებული სხდომა ჩატარდა.