მედიამფლობელთა, მედიასაშუალებების ფინანსური გამჭვირვალობის და საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შესახებ "პრესის ასოციაციის" საინიციატივო ჯგუფმა კანონპროექტის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში დაესწრო.
როგორც კანონპროექტის პრეზენტაციისას გაზეთ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა, ლაშა ტუღუშმა განაცხადა, კანონპროექტის ცვლილებების მიზანია მედიაგარემოს გაუმჯობესება და ჟურნალისტების დაცულობის გაზრდა. ცვლილებები მედიამფლობელთა გამჭვირვალობის აუცილებლობას ითვალისწინებს.
"კატეგორიულად უნდა იყოს გამორიცხული ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული კომპანიები. ეს თემა უნდა დასრულდეს, თუ საკუთრების რეალური გამჭვირვალობა გვინდა. ხშირად ეს სქემები ხდება საფუძველი რედაქტორებზე ზეწოლისა და სწორედ ამაზე უნდა ვთქვათ უარი. ობშორული კომპანიების სისტემა - ეს არის ის, რაც ჟურნალისტების ღირსების წინააღმდეგ მუშაობს", - აღნიშნა ტუღუშმა და აქვე დასძიანა, რომ აუცილებელია, უზრუნველყოფილი იყოს მედიასაშუალებების ფინანსური გამჭვირვალობაც.
საინიციატივო ჯგუფის შეფასებით, აუცილებელია ამ მიზნით ყოველ კვარტალურად ან გარკვეული პერიოდულობით, მედიასაშუალებების ფინანსური დოკუმენტაცია უნდა გამოქვეყნდეს.
"საქართველოში ვერ იქნება სამართლიანი მედიაგარემო, თუ ფინანსური ოპერაციები სამართლიანად არ განხორციელდება. ასევე, არსებობს პრობლემები საჯარო ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებითაც. ამ მხრივ კანონმდებლობის სერიოზული რევიზიაა საჭირო. უნდა გაუქმდეს საჯარო ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით დაწესებული ბაჟის გადახდაც", - აცხადებს "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი.
სახალხო დამცველთან შეხვედრის დროს საინიციატივო ჯგუფის წევრებმა იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობის პროცესი დაიწყება და ის პოზიტიურ შედეგებს მოიტანს.
შეგახსენებთ, რომ საინიციატივო ჯგუფმა შეისწავლა საჯარო ინფორმაციის მიღებასთან და მაუწყებელთა საკუთრებისა და საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებული პრობლემები და მათ გადასაჭრელად მოამზადა 8 კანონპროექტი ცვლილებებისა და დამატებების შესატანად შემდეგ კანონებში - ზოგად ადმინისტრაციული კოდექსში, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში, ადამნისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სახელმწიფო რეესტრის შესახებ, საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ, დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირელებელი ორგანოების შესახებ, მაუწყებლობის შესახებ და საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ.
საინიციატივო ჯგუფის წევრები აღნიშნულ კანონპროექტებს გააცნობენ ფართო საზოგადოებას და უახლოეს მომავალში საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავენ საქართველოს პარლამენტს.
საინიციარივო ჯგუფის წევრები არიან ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე, გიორგი ჩხეიძე, ნინო დანელია და ელისო ჩაფიძე, რომელთაც აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა 2010 წლის აგვისტოში დაიწყეს.