მთავრობა პირობას დებს, რომ ქობულეთის ტურისტულ ზონაში არქეოლოგიური ძეგლები არ დაზიანდება. ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა დღეს სესიაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც საკითხი დეპუტატმა თამაზ დიასამიძემ დააყენა.
როგორც დიასამიძემ აღნიშნა, ამ ტერიტორიაზე დაწყებულია არქეოლოგიური გათხრები, რომელიც არ დასრულებულა და შესაბამისად თავისუფალ ტურისტული ზონაში პროექტის განხორციელებისას შესაძლოა არქეოლოგიურ მემკვიდრეობას საფრთხე შეექმნას.
ხუროშვილი აღნიშნავს, რომ მთავრობის კომისიაში, რომელმაც საინვესტიციო განცხადებები უნდა განიხილოს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროც შედის და შესაბამისად არ იქნება ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც არქეოლოგიურ მემკვიდრეობას დააზიანებს. ხუროშვილი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ არქეოლოგიური ძეგლს საკითხი კომისიის მიერ აუცილებლად იქნება განხილული და გათვალისწინებული.
კანონპროექტი რომელიც ქობულეთში თავისუფალ ტურისტული ზონის შექმნას ითვალისწინებს, პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით დაამკტიცა. კანონის თანახმად, ინვესტორს, რომელიც ერთი მილიონი ლარის ღირებულების ინვესტირებას განახორციელებს, ქობულეთში სასტუმროს მშენებლობისთვის უფასოდ გადაეცემა 0,2 ჰექტარი მიწის ფართობი. ხელისუფლება უზრუნველყოფს აღნიშნული ტერიტორიის კომუნიკაციებს და ინვესტორი 15 წლით გათავისუფლდება მოგებისა და ქონების გადასახადისგან.