შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საშინაო პოლიტიკის საკითხებში მრჩევლად სუზან რაისს წარადგენს. იუწყება გამოცემა Politico წყაროზე დაყრდნობით.
სუზან რაისი, რომელიც მანამდე გაეროში შეერთებული შტატების მუდმივ წარმომადგენლად მუშაობდა, ერთ ხანს ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად მოიაზრებოდა. რაისის კანდიდატურა განიხილებოდა ასევე სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე, თუმცა ბაიდენმა არჩევანი ენტონი ბლინკენზე შეაჩერა.
როგორც გამოცემა იუწყება, ყველასთვის ცნობილი იყო, რომ ბაიდენის გუნდი სუზან რაისისთვის მაღალი თანამდებობის შეთავაზებას გეგმავდა, თუმცა საშინაო პოლიტიკის საკითხებში მრჩევლობა მოულოდნელი აღმოჩნდა, სუზან რაისის კომპეტენციისა და უზარმაზარი გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც მან საგარეო პოლიტიკის საკითხებში დააგროვა.
აღსანიშნავია, რომ საშინაო პოლიტიკის საკითხებში მრჩეველის პოზიცია არ საჭიროებს სენატის მიერ დამტკიცებას.
ბაიდენის გუნდს სუზან რაისის ნომინირების შესახებ ოფიციალურად არ განუცხადებია.
სუზან რაისი 2013-2017 წლებში პრეზიდენტ ბარაკ ობამას მრჩეველი იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. მანამდე, 2009-2013 წლებში რაისი გაეროში შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენლის პოსტს იკავებდა.