"მხოლოდ შარშან 650 კილომეტრი შიდა გზა გაკეთდა", _ განაცხადა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიდა გზებზე არსებული პრობლემებით დაინტერესდა. საქართველოს პრეზიდენტმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და რეგიონალური განვითარების სამინისტროების გაერთიანებულ სხდომაში მონაწილეობა მიიღო.
ნიკოლაიშვილმა განაცხადა, რომ ტრაილერები, რომლებსაც შიდა გზების საშუალებით პროდუქცია უნდა გამოეტანათ, გზებს აფუჭებდნენ, რის გამოც შეიცვალა ტექნოლოგია და ახლა უფრო მდგრადი გზები კეთდება.
როგორც პრეზიდენტმა შეხვედრაზე აღნიშნა, თელავის ფესტივალთან დაკავშირებით იგი ერთ-ერთ სტატიას გაეცნო, სადაც ნათქვამი იყო, რომ გომბორის გზით ვერ იღებენ სიამოვნებას, ვინაიდან გომბორის ხედს ტრაილერები აფუჭებენ.
"ვაკეში შეიძლება ტრაილერი თვალში მოგხვდეს, მაგრამ კახეთში ტრაილერი ნიშნავს, რომ ადგილობრივებს გაუჩნდათ შემოსავალი და დაიწყეს ადამიანურად ცხოვრება. გზები მხოლოდ იმისთვის არ გვინდა, რომ დავტკბეთ ხედებით და დავსხდეთ და ვიქეიფოთ. ამ ტრაილერებს გამოაქვთ კახეთიდან დოვლათი, რომელიც, იმედია, გააჯერებს ბაზარს და ფასებს დაიჭერს", _ განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ მარტო წელს კახეთში შევიდა 170-იდან 200 მილიონ ლარამდე ატმით, ბოსტნეულითა და ყურძნით.
"4-5 წლის წინ კი კახეთში მხოლოდ 30-40 მილიონი შედიოდა. ეს ნიშნავს, რომ შემოსავლები 4-5-ჯერ გაიზარდა და ეს ხალხი ბევრად მეტს იმსახურებს", - აღნიშნა სააკაშვილმა.