"საქართველოს რეგიონები ჩვენ ხელახლა აღმოვაჩინეთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და რეგიონალური განვითარების სამინისტროების გაერთიანებულ სხდომაზე.
"ჯავახეთი, რომელიც ეთნიკური სომხებით არის დასახლებული, მთლიანად მოწყვეტილი იყო დანარჩენ საქართველოს. ეს კი ნიშნავდა იმას, რომ ყველაზე ადვილად მისასვლელი მათთვის იყო ერევანი და პროდუქცია იქ გადიოდა. რეალურად მოთხოვნა იმისა, რომ ამ ხალხს ქართული ესწავლა, არ ყოფილა. ეს იყო ამ ხალხის ინტეგრაციის პოლიტიკური ასპექტი", _ აცხადებს სააკაშვილი და დასძენს, რომ ეკონომიკურ ასპექტში საქართველოს ეს რეგიონი არის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი.
"ეს არის ჩვენი რეგიონი, რომელიც საქართველოში არის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი. გზა, რკინიგზა, ჰიდროელექტროსადგურები, ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელთა მშენებლობაც იქ დაიწყო, ნიშნავს იმას, რომ ამ რეგიონის მცხოვრებლები აქტიურად ჩაებმებიან საერთო ქართულ ეკონომიკურ მიმოსვლაში", _ აცხადებს სააკაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, კეთდება გზა, რომლითაც ფარავანში ჩასვლა უკვე 1 საათსა და 40 წუთში იქნება შესაძლებელი.
"ფარავანი, ტაბაწყური, საღამოს ტბა ყველა ულამაზესი ადგილია. ესაა სათხილამურო კურორტების ადგილი. იქ არსებული მეცხოველეობის პროდუქცია შეიძლება ქართულ ბაზარზე გადმოვიტანოთ. რეალურად 100 ათასამდე ჩვენი მოქალაქე - ნინოწმინდაში, ახალქალაქში, ახალციხეში ჩაებმება საერთო ქართულ ეკონომიკურ მიმოსვლაში და ეს ნიშნავს იმას, რომ იხსნება პოლიტიკური დაძაბულობის პრობლემები და ამ ხალხს წვლილი შეაქვს ქართული ერთიანი ეროვნული პროდუქტის გაზრდაში", _ განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ რამდენიმე ხნის წინ ჩატარდა ყველის ფესტივალი, რომელზედაც ჯავახეთიდან რამდენიმე ათეული ყველის სახეობა შემოვიდა თბილისის ბაზარზე.
"რაც ჩვენთვის აქამდე არ იყო ცნობილი და ეს ყველაფერი ამ გზამ მოიტანა", _ დასძენს სააკაშვილი.