მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ტურიზმის, ინფრასტრუქტურის, განათლებისა და გზების განვითარების მნიშვნელობაზე საუბრობს.
ეკონომიკისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროების გაერთიანებულ სხდომაზე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში მცხოვრებმა დაბალი შემოსავლის მქონე ადამინებმა შესაძლოა იფიქრონ, "თუ რა საჭიროა ძვირადღირებული ანძების, ქვიშის სანაპირო ზოლების და ავტობანის მშენებლობა, როცა მათ შვილებისთვის საჭმლისა და სახელმძღვანელოების ყიდვის ფული არ აქვთ".
სააკაშვილის თქმით, მთავრობამ რომ ბიუჯეტში არსებული თავისუფალი 100 მილიონი ლარი გაჭირვებულებს მისცეს და ეკონომიკა არ განავითაროს, ეს თანხა 2 თვეში დაიხარჯება და საქართველო შემოსავლის გარეშე დარჩება. პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკურ პროცესებში და განათლებაში დახარჯული ფულის მნიშვნელობა საქართველოს ყველა მოქალაქემ კარგად უნდა გააცნობიეროს.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოში ცხოვრობს უამრავი პენსიონერი, დაბალშემოსავლიანი მოსახლე, რომელიც ყოველდღიურად იბრძვის არსებობისთვის.
მისივე თქმით, როდესაც ეს ადამიანები შინ მიდიან, ფიქრობენ იმაზე, ექნებათ თუ არა შვილებისთვის პური, შეძლებენ თუ არა სახელმძღვანელოების ყიდვას, შეძლებენ თუ არა სამედიცინო დაზღვევას, გადაიხდიან თუ არა კომუნალურ გადასახადებს:
"ეს ადამიანები უყურებენ იმას, რომ ჩვენ ვხსნით იქ ანძებს, დიდი ავტობანებს, სანაპირო ზოლებს და ათასგვარ ტურისტულ ობიექტს. რა თქმა უნდა, ხალხს ბუნებრივად უჩნდება კითხვა, მე როცა მშია რა დროს შუშის ხიდია თბილისში, ან რა დროს ოქროს ქვიშის დაყრაა ბათუმში? თუ ეს ფული არსებობს, უნდა დაეხარჯოს ხალხისთვის... მაგრამ ჩვენ ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენი ყველა ინვესტიცია, ჩადებული ფული არის იმისათვის, რომ ხვალ შემოვიდეს უფრო მეტი ფული. ჩვენ თუ გვაქვს დღეს თავისუფალი 100 მილიონი ეს, რომ გაჭირვებულებს დავურიგოთ შეიჭმება ზუსტად ორ თვეში და ხვალ საქართველო მთალიანად დარჩება შემოსავლის გარეშე", - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ საქართველოს შემოსავალი არის ინვესტივიციები, ინფრასტრუქტურა, ტურიზმი, ახალი პროდუქციისა და ბიზნესების შქმნა, სოფლის მეურნეობაში, რომელიც გაიყიდება ბაზარზე და აქედან შემოსული გადასახახდები შევა ბიუჯეტში:
"ამ ფულს ვაძლევთ გაჭირვებულს, სოციალურად დაუცველს, ბავშვებს ვაძლევთ კომპიუტერებს, ვაშენებთ სკოლებს, მაგრამ რა ფულიც რჩება, ხელახლა უნდა ჩაიდოს იმაში, რომ მეტი შემოსავალი შემოვიდეს, მეტი დახმარების საშუალება იყოს ხალხისთვის, ამიტომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ჩვენი პროექტი, ყველა გზა, რომელსაც ვაშენებთ ჩამოსული ტურისტი, ყველა ახლად გასხნილი ბიზნესი - სასტუმრო იქნება ეს, წისქვილკომბინატი, ღვინის ქარხანა თუ პატარა საწარმო ობიექტი, ყველაფერი ემსახურება იმას, რომ კონკრეტული ადამიანები დასაქმდნენ, სახელმწიფო ბიუჯეტში შევიდეს შემოსავლები, გადაუნაწილდეს ყველაზე გაჭირვებულებს და მეორე მხრივ დაიხარჯოს განათლებაზე და ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე", - განაცხადა პრეზიდენტმა.