საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, პერევიდან რუსი ჯარისკაცების გაყვანის შესახებ, საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის განცხადებას გამოეხმაურა.
"საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ პერევიდან რუსული ჯარის გაყვანა პოზიტიურ ნაბიჯად იყო შეფასებული. მან ცალსახად აღნიშნა, რომ ეს არის პროცესის დასაწყისი და ეს უნდა გაგრძელდეს. ასევე სარკოზიმ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ევროკავშირის დამკვირვებლების შეშვების საკითხიც დააყენა. რაც შეეხება იმ საკითხს რომ ყველაფერი უნდა ამოგვარდეს პოლიტიკური და დიპლომატიური გზით, ამას კითხვის ნიშნის ქვეშ არც საქართველო და არც ევროკავშირი არ აყენებს," - აღნიშნა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, პროცესის მშვიდობიან მოგვარებას კითხვის ნიშნის ქვეშ ერთადერთი მხარე, რუსეთის ფედერაცია, აყენებს.
შეგახსენებთ, დიდი სამეულის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ აღნიშნა, რომ იგი მიესალმება პერევიდან რუსული ჯარის გაყვანას და აუცილებელია აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ევროკავშირის დამკვირვებლები შევიდნენ.
ასევე აღნიშნა, რომ კარგი იქნება თუ საქართველო თავდაუსხმელობის შესახებ ვალდებულებას აიღებს.