პოლიტიკური ძალების მიერ საქართველოში ბოევიკების მომზადების თემის ანგაჟირება ქვეყნისთვის სერიოზული საფრთხის შემცველია. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "ქრისტიან-დემოკრატიული" პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ახვლედიანმა პარალმენტის ექს-სპიკერის ნინო ბურჯანაძისა და ექს-თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებების კომენტირებისას განუცხადა.
"მე არ მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში არანაირი ბოევიკების მომზადება არ ხდება. პოლიტიკური პარტიების მხრიდან კი ასეთი თემების ანგაჟირება არასწორია და ჩვენი ქვეყნისთვის სერიოზული საფრთხის შემცველია" - აღნიშნა ახვლედიანმა.
მისი თქმით, არ შეიძლება პოლიტიკურმა ძალებმა დახატონ, რომ ქვეყანაში აპოკალიფსური ვითარებაა და ჩვენთან ხდება თურმე ტერორისტების მომზადება.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ექს-მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ჩეჩენი ბოევიკების მომზადება ხდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ექს-პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მასაც აქვს, თუმცა დამადასტურებელი ფაქტები არ გააჩნია.