სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ წამების პრევენციის არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის ევროპის კომიტეტს მიმართა და მათ საქართველოს ციხეებში აფხაზეთის ე.წ. გაუჩინარებული მოქალაქეების სიგუასა და ჯოპუას მოძებნა სთხოვა.
"აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ წამების პრევენციის არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის ევროპის კომიტეტს მიმართა მოთხოვნით ჩაატარონ საქართველოს ციხეებში მონიტორინგი იმისათვის რათა გარკვეულ იქნეს აფხაზეთის მოქალაქეების დავით სიგუასა და გარი ჯოპუას ადგილსამყოფელი", _ იუწყება აფხაზური მედია.
შეგახსენებთ, რომ დავით სიგუა სეპარატისტული აფხაზეთიდან 2007 წლის თებერვალში გაუჩინარდა, გარი ჯოპუა კი 2010 წლის ოქტომბერში. სეპარატისტები ამ ადამიანების გაუჩინარებაში ქართულ მხარეს ადანაშაულებენ, მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა მხარემ არაერთგზის განაცხადა, რომ ქართულ მხარეს ამ ადამიანების გაუჩინარებასთან არავითარი კავშირი არა აქვს.
ამას გარდა, აფხაზური მხარე ასევე იუწყება, რომ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში დარწმუნებულნი არიან, რომ საქართველოში არსებობს საიდუმლო ციხეები სადაც აფხაზეთიდან გატაცებული ადამიანები ჰყავთ დატყვევებული.
მასალის გამოყენების პირობები