"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის მტკიცებით, ახლად შექმნილ "ქართული პარტიაში" მას ლიდერის პოზიციას სთავაზობდნენ, თუმცა სუბიექტური მოსაზრებების გამო არ დასთანხმდა. ამის შესახებ ბურჯანაძემ გაზეთ "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
ბურჯანაძის მტკიცებით, "ქართული პარტიის" ლიდერობაზე მან უარი იმიტომ თქვა, რომ საქართველოში ახალი პარტიის შექმნისა და მისი ლიდერობის მიზეზს ვერ ხედავდა. ბურჯანაძის თქმით, ძალა, რომელსაც ხელისუფლების შეცვლა შეუძლია, წარმომადგენლობითი სახალხო კრებაა.
"ვერ ვხედავდი იმის აუცილებლობას, რომ ახალი პოლიტიკური ცენტრი შექმნილიყო, რადგან ვფიქრობ, ძალა, რომელიც შეძლებს არსებული რეჟიმის შეცვლას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას, წარმომადგენლობითი სახალხო კრებაა", - განაცხადა ბურჯანაძემ.
საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი ოქრუაშვილის, სოზარ სუბარის, ლევან გაჩეჩილაძის, კოკა გუნცაძისა და ეროსი კიწმარიშვილის პარტიას წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ საქართველოში ხელისუფლების რაც უფრო მეტი რეალური ოპონენტი იარსებებს, საერთო ოპოზიციურ საქმეს უფრო მეტად წაადგება.