უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ზუგდიდში და ფოთში, ბათუმისა და ქობულეთის მსგავსად, სწავლა კლასებსა და აუდიტორიებში 1-ელი ოქტომბრიდან განახლდება, თუმცა, 15 სექტემბრიდან სასწავლო პროცესი დისტანციური ფორმით დაიწყება
დღეის მდგომარეობით, გლობალურად, ინფიცირებულების რაოდენობა, სამწუხაროდ, იზრდება. სამწუხაროდ, ინფიცირებულების რაოდენობა, თან მნიშვნელოვნად, იზრდება საქართველოშიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, მთავრობის ადმინისტრაციაში კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, დღეს, საქართველოში, ინფიცირებულების რაოდენობის ზრდის გამო პანიკისთვის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან როგორც ეპიდემიოლოგები, ასევე კლინიკური ჯგუფი და მთავრობა, სიტუაციას აკონტროლებენ და პანდემიის გავრცელების რისკებს სრულად მართავენ.
„ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ, დღეს, რა ნაბიჯიც არ უნდა გადავდგათ, ნებისმიერ ნაბიჯს ეყოლება, როგორც მძაფრი კრიტიკოსები, ასევე მხარდამჭერები, თუმცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და უნდა გავაკეთოთ, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან და გონივრულობის პრინციპიდან გამომდინარე. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ გვქონდა კლინიკურ ჯგუფთან შეხვედრა და გარკვეულად გავაანალიზეთ გლობალურად და საქართველოში მიმდინარე პროცესები. დღეს, საქართველოში, ინფიცირებულების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს, რამეთუ, როგორც ეპიდემიოლოგები, ასევე კლინიკური ჯგუფი და მთავრობა, სრულად აკონტროლებენ სიტუაციას და სრულად მართავენ პანდემიის გავრცელების რისკებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა განვახორციელოთ დამატებითი ღონისძიებები, ან დამატებითი სიმკაცრე უკვე მიღებული ღონისძიებების აღსრულებაში არ უნდა გამოვავლინოთ. დღეს, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დისციპლინა იმ წესების აღსრულების საქმეში, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მივიღეთ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.