მოახლოვებულ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად საზოგადოებრივი ჯგუფები ამომრჩეველთა ხმების დასაცავად ერთიანდებიან. ახლახან დაფუძნდა “სამოქალაქო პლატფორმა 20/20”, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიზანს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო საქმიანობის განხორციელება და არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობა წარმოადგენს.
ახლად დაფუძნებული პლატფორმის პრეზენტაცია ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართა, სადაც პლატფორმის დამფუძნებლებმა, წევრებმა და სტუმრებმა შეკრებილ აუდიტორიას 20/20-ის სამოქმედო გეგმა და მიზნები გააცნეს.
როგორც პლატფორმის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე 20/20-ის თავმჯდომარემ ვასო ურუშაძემ განაცხადა, ახლად დაფუძნებულ პლატფორმას ბევრი გრძელვადიანი გეგმა გააჩნია და თანმიმდევრულად და გეგმაზომიერად აპირებს აქტიურ საქმიანობას.
„20/20-ს მიზანია დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების ხელშეწყობა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს და რეგიონის ქვეყნების ინტეგრაციის მხარდაჭერა და ადამიანის უფლებების და შეზღუდული მმართველობის იდეის განუხრელი დაცვა,“ - განაცხადა ვასო ურუშაძემ.
პრეზენტაციის სტუმრებს მიესალმა 20/20-ის აღმასრულებელი დირექტორი თენგიზ თევზაძე, რომელმაც მოახლოვებულ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე ახლად დაფუძნებული პლატფორმის მიზანს წარმოადგენს საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობა და სადამკვირვებლო საქმიანობა.
„2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა, თუმცა პანდემიამ, შესაძლოა პრობლემა შექმნას საერთაშორისო დამკვირვებლების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ჩვენი პასუხისმგებლობა ძალიან დიდია, რათა დავაკვირდეთ საარჩევნო პროცესს და მივცეთ შესაბამისი ობიექტური შეფასება.“- განაცხადა თევზაძე.
სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის სადამკვირვებლო მისია პრეზენტაციაზე შეკრებილ სტუმრებს 20/20-ის პროგრამების დირექტორმა ლაშა ფარულავამ წარუდგინა, მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნებზე 20/20-ის, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიზანი იქნება, დაგეგმილი საარჩევნო პროცესი იყოს გამჭირვალე და სამართლიანი.
„20/20-ის მთავარი ამოცანაა ჩვენმა სადამკვირვებლო მისიამ საარჩევნო პროცესის მონიტორინგი განახორციელოს მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ; პერიოდულად საზოგადოებას წარუდგინოს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ანგარიში, აღმასრულებელ ხელისუფლებას მიაწოდოს რეკომენდაციები. ასევე, მჭიდროდ ითანამშრომლოს სახელმწიფო ინსტიტუტებთან, განსაკუთრებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან,“- განაცხადა ფარულავამ.
პლატფორმის პრეზენტაციაზე პლატფორმის სხვა მიზნებსა და ამოცანებზე, კერძოდ, რუსეთთან დაკავშირებულ საფრთხეებზე, რეგიონების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართულობის ამოცანებზე, ქალთა უფლებების დაცვაზე და მათთვის პიროვნული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობის საკითხებზე ისაუბრეს პლატფორმის წევრებმა - ირაკლი ფავლენიშვილმა, ალექსანდრე მილორავამ და თამარ შოშიაშვილმა.
სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ს უერთდება "სამართლისა და თანასწორობის ცენტრი." როგორც ორგანიზაციის დამფუძნებელმა ნინო ბაზიკოშვილმა პრეზენტაციაზე განაცხადა, საზოგადოებრივი ორგანიზაციები სახელმწიფოს იდეის ირგვლივ უნდა გაერთიანდნენ.
"ჩვენი პლატფორმის საშუალებით ბევრ განათლებულ და პატრიოტ ახალგაზრდას მიეცემა საშუალება, მონაწილეობა მიიღოს გამჭვირვალე და სამართლიანი გარემოს შექმნაში და ხელი შეუწყოს ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებას."- განაცხადა ნინო ბაზიკოშვილმა
სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების, აკადემიური წრეების და საზოგადოების აქტიურ წევრები. მათ შორის, ბიზნესმენი და საქველმოქმედო ფონდის "ნათელი საქართველო"
დამფუძნებელი სანდრო შელია. როგორც მან აღნიშნა სრულად იზიარებს პლატფორმის მიზნებსა და ამოცანებს და მიაჩნია რომ სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობა ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ საქმიანობაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
პრეზენტაციის ბოლოს, "სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ს" დამფუძნებლებმა ორგანიზაციის მანიფესტი წარადგინეს და საერთო პრინციპებზე თანხმობა სტუმრებთან ერთად, მანიფესტზე ხელმოწერით დაადასტურეს.