"მილიონერი“ პარლამენტარები საქართველოს საპარლამენტო ისტორიაში არახალია და როგორც წესი, ხელისუფლებები მას სათავისოდ იყენებენ. მათი პასუხისმგებლობა არჩევნების მოსაგებად ფულის დახარჯვაა, თუმცა შემდეგ დივიდენდები შეიძლება ისეთი იყოს, როგორც მაგალითად, გოჩა ენუქიძის შემთხვევაში, როცა მისი კუთვნილი კომპანიები აუქციონებში და ტენდერებში უპირობოდ იმარჯვებენ.
სხვათაშორის, გოჩა ენუქიძე 2008 და 2012 წლების მოწვევის პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის“ წარდგენით ამბროლაურის მაჟორიტარი იყო. 2014 წელს, როცა "ნაციონალური მოძრაობის" იმედი საბოლოოდ გადაეწურა, ფრაქცია „დამოუკიდებელი მაჟორიტარები - ძლიერი რეგიონებისთვის“ საპარლამენტო უმრავლესობას შეუერთდა.
ხელისუფლებისთვის საკვანძო საკითხიც სწორედ ეს არის - გარისკოს თუ არა ენუქიძის წარდგენა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში მაჟორიტარად. ყველაზე კარგად მათ იციან რატომ და როგორ შეიცვალა პოლიტიკური გემოვნება და „ნაციონალური მოძრაობიდან“ "ქართული ოცნების" "ნავში" აღმოჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ ის სახელისუფლებო პარტიის ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველია, უფრო მეტიც, მან კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდს 100 000 ლარს გადაურიცხა, თავისი კუთვნილი სასტუმროც დაუთმო და ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკური თუ ეკონომიკური გეგმების ქებაც არ დაზარებია.
მაგრამ რას იზამს ენუქიძე, თუ „ქართული ოცნება“ საპარლამენტო უმრაველობას ვერ მოიპოვებს ან სხვა, ისეთი ვითარება შეიქმნება, რომ პარლამენტში დომიმანტი სხვა პოლიტიკური პარტია იქნება? ამ კითხვაზე პასუხი "ქართულ ოცნებას“ არ აქვს, თუმცა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში მაჟორიტარი კანდიდატის სარეზერვო ვარიანტიც ჰყავს - ის მოქმედი რწმუნებული არჩილ ჯაფარიძეა. ამ ორს შორის უნდა გააკეთოს ბიძინა ივანიშვილმა არჩევანი, თუმცა პარტიაში ძლიერი ლობისტების მიუხედავად, ენუქიძეს ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა არ აქვს.
რეგიონის მოსახლეობა აცხადებს, რომ გოჩა ენუქიძეს ისინი მხოლოდ არჩევნებზე ახსენდება და მის მიერ წინაასაარჩევნო კამპანიის დროს გაცემული დაპირებები არ ხორციელდება. მათი თქმით, მოქმედი დეპუტატი დროს და სიტუაციას საკუთარი თავის სასარგებლოდ ყოველთვის ერგება და მისი იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეთ.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში მაჟორიტარობის კანდიდატად, არჩილ ჯაფარიძის წარდგენას აპირებს, ენუქიძის აქტიურობა თვალშისაცემი გახდა. რამდენიმე დღის წინ მან თავის კუთვნილ სასტუმროში, პარტიის მაღალჩინოსნებისთვის წვეულება გამართა და დახურულ შეხვედრაზე იმაზე იმსჯელეს, თუ როგორ დაარწმუნონ ივანიშვილი, რომ მაჟორიტარობის კანდიდატად კვლავ ენუქიძე დაასახელოს.
ამჯერად, ბოლო სიტყვა მაინც ივანიშვილზეა. გარისკავს თუ არა ივანიშვილი მილიონერი კანდიდატის კვლავ წარდგენას, ამას უახლოეს მომავალში გავიგებთ, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს, პარლამენტში სამომავლოდ წარმოდგენილი დეპუტატები არ იყვნენ ბიზნესის ლობირებით დაკავებული და მათი უშუალო ფუნქცია სწორედ საკანონმდებლო საქმიანობა იყოს.
მოქმედი გუბერნატორი კი სამაჟორიტარო ოლქის ხუთივე მუნიციპალიტეტში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. ჰესების ეპიცენტრში მყოფ ონისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების მოსახლეობა ჯაფარიძის კანდიდატურას მხარს უჭერს, რადგან სწორედ ის იყო ჩართული ჰესების მშენებლობისას წარმოქნილი მოლაპარაკებების პროცესში და მოსახლეობის ინტერესებს იცავდა.