საქართველოში კვების ობიექტებში დღეიდან ყველა სახის მომსახურება აღდგება. მათ შორის, დასაშვები იქნება მოქალაქეთა მომსახურება დახურულ სივრცეში.
დახურულ სივრცეში კვების ობიექტებს ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა მოუწევთ, რაც ღია სივრცეში, თუმცა, დახურული სივრცისთვის იმოქმედებს დამატებით რამდენიმე რეგულაცია.
ძირითადი რეკომენდაციებია:
ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელთა მიღება უზრუნველყოფილი უნდა იყოს წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით (წინასწარი ჩაწერით მომსახურება), ხოლო იმ შემთხვევაში თუ: მომსახურებას იღებს ადგილზე მიტანის სერვისის წარმომადგენელი (იურიდიული პირის წარმომადგენელი), მოცდის პროცესი უნდა განხორციელდეს შენობის გარეთ, შესაბამისი უსაფრთხო დისტანციის დაცვით;
იმ შემთხვევაში კი, თუ მომსახურებას იღებს ფიზიკური პირი, ნებადართულია მოცდა დახურულ სივრცეში პირბადის გამოყენებით და სოციალური დისტანციის შესაბამისი ნორმების დაცვით.
ამასთან, წინასწარ უნდა განისაზღვროს სტუმართათვის ადგილი, (იატაკის მონიშვნით და დისტანციის დაცვით); ასევე მიეწოდოს ინფორმაცია დასაქმებულებსა და მომხმარებლებს ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ; უზრუნველყოფილი იყოს დასაქმებულთა და მომხმარებელთა ყოველდღიური ვიდეოსკრინინგი ან თერმოსკრინინგი;
ასევე, ობიექტებმა უნდა აკონტროლონ დასაქმებულთა და მომხმარებელთა რაოდენობა; განათავსონ დეზობარიერი შესასვლელში, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით; სალაროსთან დაამონტაჟებული უნდა იყოს დამცავი გამჭვირვალე ბარიერი – მომხმარებელთან პირდაპირი კონტაქტის თავიდან არიდების მიზნით.
სამუშაო ადგილზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარის ან ანალოგიური ეფექტის მქონე სხვა სადეზინფექციო ხსნარის განთავსება;
კვების ობიექტებმმა მომსახურების საფასურის მიღებისას უპირატესობა უნაღდო ანგარიშსწორებას უნდა მიანიჭონ.