ბათუმში, ზაქარია ფალიაშვილის #13 სახლის ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევის დროს ოთახში ასაკოვანი ქალი იმყოფებოდა, სახლში იყვნენ ოჯახის სხვა წევრებიც, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ორი ოჯახი დროებით სასტუმროში გადაიყვანეს.
აღნიშნულ სახლში ბოლო 4 წელია ერთ-ერთი ოჯახი ქირით ცხოვრობს. ხათუნა ცხოიძე ყვება, რომ ობიექტი ავარიულია და ამის შესახებ ბათუმის მერიაში იციან.
"ღმერთს მადლობა გადავრჩით, დედაჩემი იყო ოთახში, მე და ჩემი შვილები სამზარეულოში ვიყავით. ძლიერი ხმაური გავიგეთ, მივხვდით, რომ რაღაცა ჩამოინგრა. გამოვედით გარეთ და კარები ვეღარ გავაღეთ. დედაჩემი იყო ოთახში ჩარჩენილი, გამოსვლას ვერ ახერხებდა. ჭერი იყო ჩამონგრეული. დედაჩემს მცირედი დაზიანებები აქვს, სტკივა ხელი, ფეხი.
სახლი ავარიულია, ვცხოვრობთ დაახლოებით 4 წელია. ისტორიული სახლი არ არის, უბრალოდ ავარიულია და ამის შესახებ მერია საქმის კურსშია. 5 წევრიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ ვართ დარჩენილი, ვითხოვთ სადმე ქირით გაგვიყვანონ" - აცხადებს ხათუნა ცხოიძე აჭარის მაუწყებელთან.