საქართველო რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერს თუ იგი ამავე ორგანიზაციის წესებს დააკმაყოფილებს, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, კონკრეტულად ეს ეხება საბაჟო პუნქტების გამჭვირვალე გაკონტროლებას. გილაურის თქმით, აღნიშნული საკითხი ამერიკაში ვიზიტის დროსაც განიხილეს.
"ქართულ დელეგაციას რამდენიმე გამოსვლა ჰქონდა ამერიკის სხვადასხვა ინსტიტუტებში, სადაც საუბარი შეეხო რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების საკითხს. ჩვენ მკაფიოდ დავაფიქსირეთ რომ მივესალმებით რუსეთის ფედერაციის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვმო-ს ყველა წესი იქნება დაცული. ამაში კი ერთ ერთ მთავარ საკითხად ვგულისხმობ გამშვები პუნქტების გამჭვირვალე გაკონტროლებას, რაც დღეისათვს, სამწუხაროდ, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არ ხდება", - განაცხადა პრემიერ- მინსიტრმა.
გილაურმა აქვე დააკონკრეტა, რომ იგი გულისხმობს იმ სასაზღვრო გამშვებ-პუნქტებს, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეა განთავსებული.
მისივე თქმით, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები სარეიტნგო სააგენტოებთანაც გამართა.
"როგორც იცით, სარეიტინგო კომპანია მოდისმა რამდნეიმე დღის წინ საქართველოს საკრედიტო რეიტინგი აუწია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კერძო სექტორმა დამატებითი თანხები უფრო იაფად მოიზიდოს. ასევე, იმისთვის რომ ევრობონდის შემოღების შემთხვევაში უფრო დაბალი საფინანსო პროცენტი დაფიქსირდეს", - აღნიშნა გილაურმა.