მოსკოვში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკმა 63 წლის ბორის სმირნოვმა თავი მოიკლა. ბორის სმირნოვმა ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა გულმკერდის არეში მიიყენა.
სამართალდამცავ ორგანოებში განმარტავენ, რომ თვითმკვლელობის წინ ბორის სმირნოვმა ვაჟიშვილს ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა შემდეგი შინაარსით: "დავიღალე ასე ცხოვრებით, ყველაფერი მომბეზრდა, მეტი აღარ შემიძლია".
"აღნიშნული შეტყობინების მიღების შემდეგ შვილი მამასთან წავიდა, თუმცა ადგილზე მისულს პოლკოვნიკი უკვე გარდაცვლილი დახვდა. საგამოძიებო განყოფილების მიერ ამჟამად შემოწმება მიმდინარეობს", _ იუწყება რუსული მედია.
აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ მოსკოვში ასევე თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე რუსეთის შს სამინისტროს შინაგანი ჯარის სადაზვერვო სამმართველოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა 47 წლის ვიქტორ ჩევრიზოვმა. ჩევრიზოვმა თავი თავისი სახლის სადარბაზოში პისტოლეტით მოიკლა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში ტრაგიკულად დაიღუპა 52 წლის გენერალ-მაიორი, გენშტაბის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილე იური ივანოვი. აგვისტოში იგი იმყოფებოდა შვებულებაში ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, მისი ცხედარი თურქმა მეზღვაურებმა აღმოაჩინეს. ნეკროლოგში კი, რომელიც რუსეთში თავდაცვის სამინისტრომ გამოქვეყნა, არ იყო მითითებული ივანოვის გარდაცვალების არც ადგილი და არც მიზეზი. საუბარი იყო მხოლოდ იმაზე, რომ იგი "ტრაგიკულად დაიღუპა".