დღეიდან, 11 ოქტომბრიდან, ამინდის პროგნოზირების შესახებ ზოგადი ინფორმაცია იქნება უფასო, ხოლო სფეციფიკურ ინფორმაციაზე დაწესდება შესაბამისი გადასახადი. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის გოგა ხაძიძის ინფორმაციით, მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ გახდნენ ეროვნული სააგენტოს მომხმარებლები, რაც უზრუნველყოფს მათ, რომ მიიღონ ზუსტი ინფორმაცია მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის თუ სხვა მასთან დაკავშირებული დეტალური საკითხების შესახებ.
"ჩვენ ვერ ვიღებთ პასუხისმგებლობას ინფორმაციაზე, რომელიც არ არის გავრცელებული ეროვნული სააგენტოს მომხმარებლების მიერ. ორშაბათიდან ვაცხადებთ მომსახურებაზე 30%-იან ფასდაკლებას. არსებობს სხვადასხვა ტიპის პაკეტები. სააგენტო შეთავაზებს უფრო გაუმჯობესებულ და მრავალფეროვან მომსახურებას," განაცხადა გოგა ხაჩიძემ.
მისივე თქმით, გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის 90%-იანი სიზუსტით პროგნოზირებას აკეთებს.
"თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ჰიდრომეტეოროლოგიური საგუშაგოებიდან ჩვენ ონლაინ რეჟიმში ვიღებთ ინფორმაციას", _ განაცხადა ხაჩიძემ და აღნიშნა, რომ არსებობს უცხოური და ქართული საიტები, რომლებიც ავრცელებენ ამინდის სხვადასხვა პროგნოზს. მისი თქმით, გარემოს ეროვნული სააგენტო ამ საიტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.
გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რეგულარულ მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ დაკვირვებებს აწარმოებს. გარემოს ეროვნული სააგენტო ჰიდრომეტეოროლოგიური გლობალური დაკვირვების ქსელის და მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (მმო) წევრია. ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზირების ცენტრი არის ჩართული საერთაშორისო ქსელში, რომელიც მხოლოდ ჩვენგან იღებს საქართველოს ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას.
საქართველოს მასშტაბით მუშაობს თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი 23 ჰიდრომეტეოსადგური, 14 მეტეოსადგური და 14 მეტეოსაგუშაგო.