ელექტროობისა და მექანიკის ცნობილი კომპანია "ჩაღლა" საქართველოში შემოდის. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში განუცხადეს, "ჩაღლამ" ბათუმში თავისი შვილობილი კომპანია დააარსა.
აღნიშნული ფირმა ელექტროობის დარგში მსოფლიო სტანდარტების დონისაა. მას მრავალ ქვეყანაში განხორციელებული აქვს უმნიშვნელოვანესი პროექტები: სასტუმროები, საცხოვრებელი სახლები, გარე განათებები, სავაჭრო ცენტრები, ბანკის შენობები, განათლების დაწესებულებები, ქარხნები, საავადმყოფოები და ჯანდაცვის ცენტრები.
პროექტებს ფირმა ფრანგულ პარტნიორთან ერთად ახორციელებს. ისინი ქმნიან ისეთ სისტემებს, როდესაც ქალაქის მთელი განათება ერთი პუნქტიდან იმართება და რეგულირდება. მათ მიერ განხორციელებული პროექტებია ეიფელის კოშკის განათება, ბრანდერბურგის ჭიშკარი, მექსიკის პარლამენტის შენობა, ყაზახეთის პრეზიდენტის რეზიდენცია.
კომპანია გეგმავს საქართველოში ადგილობრივი კადრების აღზრდას და თანამედროვე სისტემებით მომუშავე მძლავრი ელექტროკომპანიის შექმნას, რაც ამ დარგში დღეს არსებულ ხარვეზს აღმოფხვრის.
კომპანიამ უკვე ბათუმის განათების, პარკირებისა და სხვა კონკრეტული პროექტების დამუშავება დაიწყო. ოქტომბრის ბოლოს იგეგმება ფრანგულ-თურქული ერთობლივი პრეზენტაციის მოწყობა ქ. ბათუმში.
კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარნმოებდა საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია და მათი დაინტერესება საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით ასოციაციის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია.