აშშ საქართველოში ხელისუფლების დემოკრატიულად შეცვლის მომხრეა. ამის შესახებ "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ აშშ-ს სახელმწიფო მდვანის, ჰილარი კლინტონის გუშინდელი განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.
"აშშ თანმიმდევრულ პოზიციას იკავებს საქართველოში დემოკრატიის განვითარებასთან დაკავშირებით და ამას პირდაპირ უკავშირებს მომავალ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს. ამერიკის ადმინისტრაციის პოლიტიკის მკაფიო პოზიციაა, რომ ჩვენ ქვეყანაში არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა უნდა მოხდეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩაითვლება საქართველო დემოკრატიულ ქვეყნად და გახდება საერთაშორისო თანამეგობრობის ნაწილი", - აღნიშნა ალასანიამ.
მისივე თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებში გადამწყვეტ ნეგატიურ გავლენას ის ფაქტი ახდენს, რომ საქართველოში განადგურდა სასამართლო სისტემა.
"დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე მმართველობის რა ფორმაზეც არ უნდა შეთანხმდეს საზოგადოება, ხელისუფლება და ოპოზიცია, ყოველთვის ავტოკრატული მმართველობა იქნება. პრემიერის, ასევე, პრეზიდენტის სავარძელში ვინც არ უნდა იჯდეს, თუკი მას დამოუკიდებელი სასამართლოს რიდი არ აქვს, ყოველთვის შეძლებს, ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ წაიყვანოს. ეს კარგად ესმით და არ მოსწონთ ამერიკაში", - განაცხადა ალასანიამ.