რუსეთის დუმამ ბელორუსის ხელისუფლების მოქმედება დაგმო და შესაბამისი განცხადებაც მიიღო, რომელშიც იგი ლუკაშენკოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაძაბვაში ადანაშაულებს.
განცხადების ტექსტი დუმაში რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის წევრმა ალექსეი ოსტროვსკიმ დსთ-ს საქმეთა კომიტეტის სახელით წარადგინა. ეს დოკუმენტი პირადად ბელორუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოსა და ბელორუსის ნაციონალურ საკრებულოს გადაეგზავნება.
"ბელორუსის ხელისუფლების მიერ გამოყენებული ანტირუსული რიტორიკა სრულ მიუღებლობას იწვევს რუს ხალხში. დუმის დეპუტატები კი მხარს უჭერენ ამ საკითხთან მიმართებაში რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს", _ ნათქვამია დოკუმენტში.
ამას გარდა, რუსი დეპუტატები ასევე მოუწოდებენ ბელორუსის ხელისუფლებას მოსკოვსა და მინსკს შორის ურთიერთობები არ გამოიყენონ თავიანთი წინასაარჩევნო კამპანიისათვის.
მასალის გამოყენების პირობები