დიდ ბრიტანეთში 96 წლის ასაკში ცნობილი კომიკოსი ნორმან უიზდომი გარდაიცვალა, რომელმაც სახელი მისტერ პიტკინის როლის შესრულებით გაითქვა. მსახიობმა სიცოცხლე კუნძულ მენის მოხუცთა თავშესაფარში დაასრულა. უკანასკნელი წლების განმავლობაში უიზდომმა რამდენიმე ინფარქტი გადაიტანა.
ნორმან უიზდომმა თავისი მსახიობური კარიერა მუზიკჰოლში დაიწყო. კინოში მისი დებიუტი 1948 წელს შედგა. უიზდომს უდიდესი პოპულარობა კლასიკური კომიკური გმირის _ მოუხერხებელი და კეთილი მისტერ პიტკინის სახის შექმნამ მოუტანა, რომელიც გამუდმებით სხვადასხვა უხერხულ ვითარებებში ეხვეოდა. უიზდომმა მისტერ პიტკინის როლი ათზე მეტ ფილმში შეასრულა. მაყურებლებისთვის განსაკუთრებით ნაცნობია ფილმები " მისტერ პიტკინი მტრის ზურგში" და "მისტერ პიტკინი საავადმყოფოში". ამის გარდა უიზდომი სცენარისტი, პროდიუსერი და კომპოზიტორიც იყო.
2000 წელს დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ მსახიობს რაინდის წოდება მიანიჭა. მეოცე საუკუნის უდიდესი კომედიური მსახიობი ჩარლი ჩაპლინი მას თავის უსაყვარლეს კომიკოსად მოიხსენიებდა.