ვფიქრობ, ჩვენ უნდა მოვუწოდოთ წევრ ქვეყნებს, რომ რაც შეიძლება მალე დააწესონ სანქციები, განსაკუთრებით, მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია რეპრესიებსა და ყველაფერზე, რასაც ვხედავთ საქართველოში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
რასა იუკნევიჩიემ აღნიშნა, რომ კრიზისიდან გამოსავალი არის ახალი, სამართლიანი არჩევნები, სანქციები და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა.
„მივესალმებით ამ მამაც ადამიანებს, რომლებიც წარმოადგენენ ასობით ათას ადამიანს, რომლებიც თითქმის 200 დღეა, იბრძვიან ქუჩაში. ცივი ზამთრის დღეებში ისინი იდგნენ ქუჩაში და იბრძოდნენ საქართველოს ევროპული მომავლისთვის, აფრიალებდნენ ევროპულ დროშებს. ზოგჯერ მაქვს შეგრძნება, რომ ეს ადამიანები უფრო მეტად პროევროპელები არიან, ვიდრე ბევრი ევროპელი ევროკავშირში. შესაძლოა, ჩვენ მიჩვეული ვართ ჩვენს ყოველდღიურ დემოკრატიას და ვერ ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ქართველი ხალხისთვის. თქვენ ხართ არაჩვეულებრივები, თქვენ ხართ გმირები ჩემთვის და ბევრი ევროპელისთვის მრავალ ევროპულ ქვეყანაში. თქვენი ვიზიტი ძალიან დროულია. ხვალ ჩვენ კენჭს ვუყრით ანგარიშს და ვიმედოვნებ, რომ მას დაამტკიცებენ, რადგან ყველა პოლიტიკური ჯგუფი მას მხარს უჭერს. თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენ გვჭირდება ყოველ კვირა ამ ანგარიშის შესწორება, ახალი მტკიცებულების, რეჟიმის მიერ გადადგმული ახალი სასტიკი ნაბიჯების გამო. ყველა იმ ადამიანისგან, ვისთანაც შეხვედრა გვქონდა, იქნებოდა ეს პროევროპელი ქართველები, თუ ევროკავშირის ელჩები, იქმნებოდა საერთო შეგრძნება, ყოველ შემთხვევაში, ჩემი გაგებით, რომ სიტუაცია ყოველდღიურად უარესდება და ჩვენი შეხვედრების დროს რამდენჯერმე იყო ნახსენები ლუკაშენკოს რეჟიმი, რადგან ვითარება სულ უფრო უახლოვდება იმას, რაც საბოლოოდ მივიღეთ ბელარუსში, ნაბიჯ-ნაბიჯ მოძრაობს იგივე მიმართულებით. ყველა მათგანი ამბობდა, რომ საჭიროა სანქციები რეჟიმისთვის. სანქციები მუშაობს, სიმართლეს არ შეესაბამება, რომ სანქციები უსარგებლოა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ევროპარლამენტის მიერ მიღებულ ბოლო რეზოლუციაშიც კი ნახსენები იყო სახელები და მრავალი ადამიანისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი ამის ცოდნა. ვფიქრობ, ჩვენ უნდა მოვუწოდოთ წევრ ქვეყნებს, რომ რაც შეიძლება მალე დააწესონ სანქციები, განსაკუთრებით, მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია რეპრესიებზე და ყველაფერზე, რასაც ვხედავთ ამ ქვეყანაში, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.