ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილი და რუსეთის მთავრობის მიერ უკვე მიღებული "ჩრდილო-კავკასიის ფედერალური ოლქის სოციალ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია", ჩრდილო კავკასიის რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობის კულტურულად განდევნის ხარჯზე ეთნიკურად რუსული მოსახლეობის რაოდენობის ზრდას ითვალისწინებს.
ვლადიმერ პუტინი ჩრდილო კავკასიაში გადასახლების მსურველ თანამემამულეებს საცხოვრებელს, სამუშაო ადგილებსა და განათლების უფლებას პირდება. სტრატეგიის მიხედვით, რუსეთის მთავრობა ჩრდილო კავკასიაში საცხოვრებლად გადასვლის მსურველ თანამემამულეებს მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებასაც პირდება - მაშინ როდესაც, ადგილობრივი, უმუშევარი მოსახლეობისათვის ქმნის სპეციალურ "დასაქმების სააგენტოს", რომელიც ხელს შეუწყობს მათ "სამუშაოს მოძებნაში რუსეთის სხვა და სხვა რეგიონში და მათ ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფს".
რუსეთის მთავრობის ინტერნეტ-გვერდზე გამოქვეყნებულია "ჩრდილო-კავკასიის ფედერალური ოლქის სოციალ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, რომელიც 2050 წლამდეა გაწერილი. სტრატეგიაში ასევე გაწერილია ზომები, რომლებიც უნდა გატარდეს იმისათვის, რათა - "შეჩერებულ იქნეს გადინება და ხელი შეეწყოს რუსი მოსახლეობის რეგიონში დაბრუნებას". სტრატეგიაში ასევე საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა შეეწყოს ხელი კავკასიელ უმუშევრებს, სამუშაოდ ახალ ადგილებზე გადასასვლელად. დოკუმენტი რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის მიერა არის ხელმოწერილი.
სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ ჩრდილო კავკასია ეს არის რეგიონი, რომელსაც ყველაფერი ძალიან სჭირდება - ფული, სპეციალისტები და ტექნოლოგიები. ყოველივე ამის განვითარება კი ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით უნდა წარიმართოს.
ტურიზმს მთავრობის დოკუმენტებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. სტრატეგიაში მითითებულია, რომ შესაძლებელია ჩრდილო კავკასიაში ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებით 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნას. სტრატეგიაში კავკასიის რეგიონს "დეპრესიული რეგიონი" ეწოდება.
დოკუმენტში არ არის კონკრეტულად მითითებული ის თუ როგორ აპირებს იქ მთავრობა რუსულენოვანი მოსახლეობის დაბრუნებას. საუბარი მხოლოდ ზოგად პარამეტრებზეა - რუსებს მისცემენ საცხოვრებელს, სამუშაოს და განათლების უფლებას. მეტიც, იმ რუსებს, ვინც ჩრდილოკავკასიაში საცხოვრებლად წასვლას გადაწყვეტენ მგზავრობის ხარჯებიც კი აუნაზღაურდებათ.
ხოლო ადგილობრივ მოსახლეობას, რუსეთის მთავრობა სამუშაოს ძებნის საკითხში დახმარებას პირდება და იმისათვის რათა ისინი რაც შეიძლებს უფრო უმტკივნეულოდ და სწრაფად წავიდნენ მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან დასაქმების სააგენტოს შექმნასაც აპირებს. სააგენტოს "შრომითი მიგრაციის სააგენტო" ერქმევა.
"იგი დაეხმარება მუშებს წარმართონ მოლაპარაკებები იმ ადამიანებთან ვისთანაც მუშაობას აპირებენ, ჩართონ მოსახლეობა და უზრუნველყონ მუშების გადაყვანა სამუშაო ადგილებზე", _ ნათქვამია დოკუმენტში.
ჩრდილო ოსეთის ხელმძღვანელი თაიმურაზ მამსუროვი აცხადებს, რომ მას მოსწონს სტრატეგია. მისი თქმით, კავკასია არის ადგილი სადაც ძალიან ბევრი მუშახელია.
მისივე თქმით, დოკუმენტში არ არის საუბარი კავკასიის მაცხოვრებლების იძულებით რუსეთის სხვა რეგიონში გადაყვანაზე. მამსუროვი აცხადებს, რომ სტრატეგიაში მოყვანილი შეთავაზებები ნებაყოფლობითი ხასიათისაა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთში უკვე არაერთგზის გამოითქვა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის მრავალ ქალაქში უქონელ და უმუშევარ კავკასიელებს ჩაასახელებენ, რაც თავის მხრივ პერსპექტივაში ეთიკური დაპირისპირების საფუძველი შეიძლება გახდეს.
აღნიშნული სტრატეგიის რეალიზებისათვის ექვსი მილიარდი რუსული რუბლის დახარჯვა იგეგმება. მისი განხორციელებისათვის რუსეთის მთავრობა სპეციალური ფონდის შექმნასაც აპირებს.
"სტრატეგიის წარმატებით რეალიზაციის შემთხვევაში რუსეთის მთავრობაში იმედოვნებენ, რომ ჩრდილო კავკასია მალე ცხოვრებისათვის წარმატებული რეგიონი გახდება. სტრატეგია რეგიონში მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას ითვალისწინებს. მეტიც, უკვე მოწონებულია 2013 წლამდე იქ 242 მილიარდი რუსული რუბლის ღირებულების განსახორციელებელი პროექტები. კიდევ 160 მილიარდი რუსული რუბლის ღირებულების პროექტები კი ამჟამად დამტკიცების სტადიაშია", _ იუწყება რუსული მედია.