მოსკოვში გენერალ-მაიორმა, რუსეთის შს სამინისტროს შინაგანი ჯარის სადაზვერვო სამმართველოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, 47 წლის ვიქტორ ჩევრიზოვმა, თავისი სახლის სადარბაზოში პისტოლეტით თავი მოიკლა.
ჩევრიზოვის ცხედარი მისმა მეუღლემ აღმოჩინა, რომელმაც განაცხადა, რომ მეუღლის საქციელში საეჭვო არაფერი შეუნიშნავს და იგი, როგორც ყოველთვის, მშვიდად იქცეოდა.
საქმის გამოძიება რუსეთის გენპროკურატურის მოსკოვის საგამოძიებო კომიტეტმა დაიწყო. ჩერვიზოვი პენსიაზე 2002 წლიდან იმყოფებოდა. იგი მეორე ჩეჩნური კამპანიის მონაწილეა და II ხარისხის კონტუზია აქვს მიღებული.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში ტრაგიკულად დაიღუპა 52 წლის გენერალ-მაიორი, გენშტაბის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილე იური ივანოვი. აგვისტოში იგი იმყოფებოდა შვებულებაში ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, მისი ცხედარი თურქმა მეზღვაურებმა აღმოაჩინეს. ნეკროლოგში კი, რომელიც რუსეთში თავდაცვის სამინისტრომ გამოქვეყნა, არ იყო მითითებული ივანოვის გარდაცვალების არც ადგილი და არც მიზეზი. საუბარი იყო მხოლოდ იმაზე, რომ იგი "ტრაგიკულად დაიღუპა".