ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის ბაზაზე სამხრეთ კავკასიის ოლქის შექმნის გამო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ რუსულ სამხედრო ბაზებზე სამხედროთა რაოდენობა არ გაიზრდება. ეს განცხადება რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნიკოლაი პანკოვმა გააკეთა.
სხდომა სამხრეთ კავკასიის სამხედრო ოლქის შექმნის შესახებ დონის როსტოვში მიმდინარეობს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ამ ახალი ოლქის თავისებურება არის ის, რომ იგი თავის თავში აერთიანებს შავი ზღვის ფლოტს, კასპიის ფლოტილიას, საჰაერო ძალებსა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვას. ასევე სარკინიგზო ჯარების შენაერთებს.
"ჩვენი შემადგენლობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უცვლელი რჩება", _ აცხადებს თავდაცვის მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას "რუსეთის ფედერაციის სამხედრო-ადმინისტრაციული დაყოფის შესახებ". დოკუმენტის თანახმად, 2010 წლის 1 დეკემბრისათვის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სამხედრო ოლქების რაოდენობა შემცირდება ექვსიდან ოთხამდე, მათი გამსხვილების ხარჯზე.