შიდა ქართლის სოფლებში რუსი ოკუპანტების მიერ ე.წ. საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით ევროკავშირის ექსპერტებმა სპეციალური მოკვლევა დაიწყეს. კერძოდ, კი ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები აზომვით სამუშაოებს ახორციელებენ.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განმარტა, ევროკავშირის წარმომადგენლებმა აზომვითი სამუშაოები სოფელ დიცში უკვე დასრულეს და ოფიციალურად დაადასტურეს, რომ რუსი ოკუპანტების მიერ ე.წ. საზღვრის გადმოწევის მცდელობას ჰქონდა ადგილი.
რაც შეეხება დანარჩენ ოთხ სოფელს, კალანდაძის თქმით, ევროკავშირის მონიტორები აზომვით სამუშაოებს აწარმოებენ და აღნიშნულის შესახებ დასკვნა მოგვიანებით გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარის წარმომადგენლებმა სოფლებში ზემო ნიქოზი, ქვემო ნიქოზი, დიცი, არბო და ქორდი "საზღვრის დემარკაციის სამუშაოები" დაიწყეს.