მოსკოვში სერიოზულად განიხილავენ ნატოს წინადადებას ერთობლივი ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის შექმნის შესახებ, თან აცხადებენ, რომ ამ საკითხის დადებითად გადასაწყვეტად საკვანძო ელემენტები არ არსებობს. განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე გრუშკომ გააკეთა.
"ეს მნიშვნელოვანი და შორსმიმავალი წინადადებაა და ჩვენ მას ძალიან სერიოზულად განვიხილავთ. მეტიც, ბევრ რამეში იგი რუსეთს ინიციატივასაც ეხმიანება ევრო-ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის საკითხშიც, მაგრამ დღეისათვის არ არის ცხადი, როგორი იქნება ეს ჰიპოტეთიკური ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის არქიტექტურა, ვინ და როგორ უნდა მართოს იგი, რა საშუალებებითა და რა მიმართულებით უნდა განვითარდეს", _ აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე დადებითი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საკვანძო ელემენტები არ არსებობს.
სერგეი ლავროვის მოადგილე ასევე აცხადებს, რომ რუსეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემაში მონაწილეობას "თუკი ეს იქნება თანასწორუფლებიანი თანამშრომლობა და თუკი ჩვენ გვექნება იმის გარანტია, რომ რუსეთთან ურთიერთქმედებით, ნატოს წევრი-სახელმწიფოები თავიან საკუთარ სისტემების შექმნას არ დაიწყებენ, რომლებმაც თავის მხრივ შეიძლება დაარღვიოს და დაასუსტოს რუსეთის სტრატეგიული პოტენციალი", _ განაცხადა გრუშკომ.
სწორედ ამიტომაც, გრუშკოს თქმით, რუსეთი ამ საკითხისადმი ეტაპობრივ მიდგომას ამჯობინებს და სტადიების მიხედვით ყველა სარაკეტო რისკის გავლას ემხრობა, იმისათვის რათა გასაგები გახდეს, არის თუ არა შესაძლებელი ყოველივე სარაკეტო საფრთხეში გადაიზარდოს.
"მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ადეკვატური და გამართლებული სისტემის შემუშავება, რომელიც ერთობლივ მართვასა და კონტროლს დაექვემდებარება", _ აცხადებს გრუშკო.