ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს დაღუპული 4 ქართველი ჯარისკაცი საკუთარ სახლებში გადაასვენეს. პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი, სერჟანტი დავით ცეცხლაძე, კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი და კაპრალი ნუგზარ კალანდაძე საქართველოში ღამით ჩამოასვენეს.
აეროპორტში ცხედრების ჩამოსვენების ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, გაერთიანებული შტაბის უფროსი დევი ჭანკოტაძე, თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები და ნათესავები დაესწრნენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს ღრმა მწუხარება ქართველი სამხედრობის დაღუპვის გამო და მათ ოჯახებს მიუსამძიმრეს.
შეგახსნებთ, რომ ქართველი ჯარისკაცები 30 სექტემბერს, ავღანეთში სამშვიდობო მისიით გათვალისწინებული დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქდნენ.