"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" პატიმართა უფლებების დაცვის კომისიაში აცხადებენ, რომ "პატიმრობის შესახებ" ახალი კოდექსის ამოქმედების შემდეგ პატიმრები კიდევ უფრო გაუსაძლის ვითარებაში აღმოჩნდებიან.
"ახალი კოდექსი ყველაზე ცუდია, რაც დღემდე ყოფილა, იმ კანონთან მიმართებაშიც კი, რომელიც ტოტალიტარულ, კომუნისტურ პერიოდში მოქმედებდა. მაშინ პატიმრის უფლებები უფრო დაცული იყო სახელმწიფოს მხრიდან, ვიდრე დღეს: პატიმრებს უფლება ჰქონდათ ესარგებლათ ოჯახში 14 დღიანი შვებულებით, ან გრძელვადიანი პაემნით. იმ შემთხვევაში კი, თუ პატიმარს მძიმე ავადმყოფობა დაუდგინდებოდა, მას ათავისუფლებდნენ სასჯელის გადავადების პრინციპით. პატიმარს გააჩნდა საკუთარი საწოლი და დაცული იყო მისი მთავარი უფლება - ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხელშეუხებლობა, რაც დღეს საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში სანატრელი ოცნებაა", - განაცხადა "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" პატიმართა უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარემ თამაზ ბაკურიძემ.
მისივე ინფორმაციით, ციხეებში არსებული მდგომარეობის მონიტორინგის შედეგები კომისიამ მიაწოდა საერთაშორისო უფლებაცვით ორგანიზაციებს, რაც აისახა ევროპის წამების პრევენციის ბოლო დასკვნაში.