რუსეთში მიმდინარე წელს ქსენოფობიისა და რადიკალური ნაციონალიზმის საფუძველზე მომხდარი თავდასხმების მსხვერპლი ოცდასამი ადამიანი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ უფლებების დამცავი ცენტრი "სოვა" ავრცელებს.
"სულ 2010 წლის დასაწყისიდან მსგავს საფუძველზე განხორციელებული თავდასხმების გამო რუსეთში გარდაცვლილია 23 ადამიანი და დაჭრილია 242", _ აცხადებენ ცენტრში სადაც რუსეთში არსებული ქსენოფობიის მონიტორინგს ატარებენ.
მათივე ინფორმაციით, ძალადობის დონით, წლის დასაწყისიდან, კვლავინდებურად ლიდერობს მოსკოვი, მოსკოვის ოლქი (11 მოკლული და 94 დაჭრილი), მას მოსდევს სანქტ-პეტერბურგი, ლენინგრადის რაიონი (1 მოკლული და 35 დაჭრილი) და ნიჟნი ნოვგოროდი (2 მოკლული და 14 დაჭრილი), რუსეთის დანარჩენ ქალაქებში დაჭრილთა რაოდენობა 10 არ აღემატება.
ცენტრის მონაცემებით, სექტემბერში რასისტულ ნიადაგზე თავდასხმები დაფიქსირებულია რუსეთის 39 ქალაქში, აქედან მოკლულია 1 და დაჭრილია 14 ზე მეტი ადამიანი.
უფლებების დამცველები ასევე აცხადებენ, რომ რუსეთში მოქმედებს ათობით ათასი მემარჯვენე რადიკალური ორგანიზაცია, რომელთა წევრებიც ძირითადად თავს ესხმიან ადამიანებს, რომლებიც წარმოშობით ცენტრალური აზიიდან და კავკასიიდან არიან. ისინი ასევე თავს ესხმიან სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს.